ნათია თურნავა - სოფლის მეურნეობის სექტორში მცირე გრანტების ოდენობა 30 ათას ლარამდე გაიზრდება, გაფართოვდება აგროკრედიტის პროგრამაც
ნათია თურნავა - სოფლის მეურნეობის სექტორში მცირე გრანტების ოდენობა 30 ათას ლარამდე გაიზრდება, გაფართოვდება აგროკრედიტის პროგრამაც

სოფლის მეურნეობა პოსტკრიზისული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს წარდგენილი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ მყისიერი დახმარების ნაწილს მოიცავს.

„სოფლის მეურნეობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტკრიზისული გეგმისა, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და პროდუქციის გადამუშავებას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო საინვესტიციო გარემო, სამომავლო ეკონომიკა. ბევრი ქვეყანა დაიწყებს ახლა საკუთარი რესურსის განვითარებას და საქართველოსთვის პირველ რიგში ეს არის სოფლის მეურნეობა, კვების ინდუსტრია და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრი განმარტავს, რომ ამ ეტაპამდე მისვლისა და სექტორის შენარჩუნებისთვის დღეს აღნიშნულ მიმართულებას მყისიერი დახმარება გაეწევა.

„ეს არის პირველ რიგში მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც აქამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო თავდაპირველად 10 ათას ლარიანი გრანტები, რომლებიც შემდეგ 15 ათასამდე გაიზარდა. ახლა ვსაუბრობთ, რომ გრანტის ოდენობა 30 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს არის გრანტები, რომლებიც პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიცემა ძირითადად სოფლად, მაღალმთიან დასახლებებში, რეგიონებში. ჩვენ ვზრდით ამ პროგრამას და ვაოთხმაგებთ მის ბიუჯეტს. 10 მილიონი ლარი იყო აქამდე და ახლა 40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ეს არის პირველი დახმარება, რათა სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოს მცირე მეურნეობების გახსნის გზით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, გაფართოვდება აგროკრედიტის პროგრამაც, საბანკო სესხის პროცენტი სრულად, 100-ვე პროცენტით იქნება სუბსიდირებული.

„რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას ამ ნაწილში, ერთია პროცენტის სუბსიდირება, მაგრამ მეორეა ბანკისთვის გარანტია და ძირის დაფარვაო – როგორც ჩანს, ოპონენტები გაეცნენ კარგად ჩვენს ანტიკრიზისულ გეგმას, რადგან დიდი ნაწილი ეძღვნება სწორედ ასეთ მექანიზმს, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ბიზნესს, რომელსაც გაუჭირდა ბანკიდან სესხის მოზიდვა, ბანკებს კი, ეშინიათ ზედმეტი სესხის გაცემა გაზრდილი რისკის გამო, სახელმწიფო ხიდის როლს შეასრულებს და უზრუნველყოფაში ჩაუდგება ბანკებს, რათა ბიზნესმა აიღოს კრედიტი“, – განმარტა „მოამბეში“ საუბრისას ნათია თურნავამ.