ნათია თურნავა - შემდეგ კვირაში ონლაინვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს დავიწყებთ
ნათია თურნავა - შემდეგ კვირაში ონლაინვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს დავიწყებთ

შესაბამისი უწყებები მომავალი კვირიდან დაიწყებენ ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დღეს პრაქტიკულად ახალი გამოწვევების წინაშე და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კრიტიკულ ეტაპზეა, რაც ახალ პრობლემებსა და ახალ გამოწვევებს ქმნის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადამწყვეტი ზომები, რათა მობილობა მკვეთრად შეიზღუდოს.

„ამავდროულად, ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ჩვენი გაერთიანებული ინსპექციები ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად აგრძელებენ ბიზნესების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად პასუხობენ ისინი ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს, რასაც გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა. ბიზნესისთვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპების, შემდგომი პერიოდის, რათა სწორად დაგეგმოს თავისი რესურსები და ქმედებები“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ  ბიზნესების აქტიურად ამოქმედება დაიწყება.

„მინდა, ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარების გათვალისწინებით, როდესაც პრაქტიკულად ახლა შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან, დაიწყოს ისევ მუშაობა. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, რათა დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც უნდა დააკმაყოფილონ, რათა როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ  შემაკავებელი ზომებისშერბილება და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და შემოწმებისთვის დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის კვლავ ამოქმედებისას ერთ-ერთი პრიორიტეტი ონლაინვაჭრობას მიენიჭება.

„როგორც არაერთხელ ითქვა, იმ მომენტისთვის, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის ისევ ჩართვასა და ამოქმედებას, ბიზნესსექტორებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ონლაინვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან ონლაინვაჭრობით ან გადაეწყვნენ ონლაინვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინვაჭრობის კომპანიების მონიტორინგსა და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად, ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა  ექნებათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.