ნათია თურნავა შეფერხებულ ენერგოპროექტებზე - ვაპირებთ სამმხრივი დიალოგის გააქტიურებას
ნათია თურნავა შეფერხებულ ენერგოპროექტებზე - ვაპირებთ სამმხრივი დიალოგის გააქტიურებას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ მოსახლეობა ხელს შეუწყობს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და ამ კუთხით სახელმწიფოს, ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგი გააქტიურდება.

„ენერგეტიკის სფეროში ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვაგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც პრობლემის წინაშე დავდექით. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სამმხრივი დიალოგის წარმოება ინვესტორს, სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. გვაქვს ცალკეული მაგალითები, როდესაც სამმხრივი შეთანხმებები იდება, როდესაც ინვესტორი თავის მხრივ ძალიან მკაფიოდ ჩამოთვლის, თუ რა სოციალურ პასუხისმგებლობებს იღებს – იქნება ეს ადგილობრივი თემის განვითარების ფონდის შექმნა, კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, თუ ტრენინგები და გადამზადება და ამაზე ინვესტორები მოდიან და ხვდებიან, რომ ამის გარეშე განვითარება შეუძლებელია. მაგრამ მოსახლეობაც ამას უფრო გაგებით უნდა მოეკიდოს და ხელი უნდა შეუწყოს ამ პროექტების განვითარებას“, – აღნიშნა თურნავამ.

ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი, რომელსაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება – „ხელედულა 3“ ჰესია. პროექტის საჯარო განხილვა 22 მარტს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა.