ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა“ და „ჯეოსთილის“ მუშაობას გაეცნო
ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა“ და „ჯეოსთილის“ მუშაობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებს „რუსთავის ფოლადსა“ და „ჯეოსთილს“ ეწვია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავიდან იუწყება, მინისტრი ადგილზე ეცნობა საწარმოების მუშაობას, არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი ტექნოლოგიები საწარმოებს ენერგოდანახარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი“ გეგმავს განახლებას. ეს პროცესი დაწყებულია. ის გახდება ენერგოეფექტური, რისი მეშვეობითაც 30 პროცენტით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება. ჩვენ გვერდით დავუდგებით, ასევე, დახმარება სჭირდებათ საგარეო ბაზრებზე, რომ არადისკრიმინაციული გარემო დახვდეთ, შიდა ბაზარაზე კი, საწარმო ისედაც მძლავრად არის წარმოდგენილი. უბრალოდ, საჭიროა გვერდით დგომა, რომ დავიცვათ უხარისხო ანალოგებისაგან. საწარმოში ორი ათასი ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, დაახლოებით 500 მოქალაქეა დასაქმებული „ჯეოსთილში“.

მინისტრის შეფასებით, ეს ეკონომიკის სიძლიერეა და სამინისტრო ასეთი საწარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს.

„საწარმოს სჭირდება სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღება. შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის ცივილიზებული მიდგომა, რომ დემპინგური გამოვლინებებისგან დაიცვა ბაზარი და ეს ძალიან წაადგება მეტალურგიულ კომბინატს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.