ნათია თურნავა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის ორგანიზებით შედგა და მასში 15-მდე ინვესტორი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Danske Bank-ი, Morgan Stanley, Shiprock Capital Management-ი, Eaton Vance Corp-ი და სხვები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ პრეზენტაციის ფორმატში ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის ბოლო მაჩვენებლები გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა ყველა გარე გამოწვევას უმკლავდება.
„ჩვენი ამოცანაა, ახალი პერსპექტიული ინვესტორებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და მოვიზიდოთ ისინი ქვეყანაში, ხოლო უკვე არსებულ ინვესტორებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი ხედვა და მათ მეტი ინვესტირების სურვილი გავუჩინოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ცნობით, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა.
„ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპი და მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაბალი ინფლაცია პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.