ნათია თურნავა - სავალუტო ფონდი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში შემოვიდა, ჩვენ პარტნიორულ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას
სავალუტო ფონდთან ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე პროგრამა შეჩერდა, დაპაუზდა, მაგრამ, იმავდროულად, არ შეჩერებულა ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების მიმართულებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, სავალუტო ფონდი არის სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოვიდა საქართველოში და ქვეყანა პარტნიორულ რეჟიმში გააგრძელებს ურთიერთობას.
„ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდნენ და გვიწევენ ტექნიკურ დახმარებას და ახლაც მისია აქ იმყოფება, ჩვენს ღონისძიებასაც ესწრებიან. ეს არის ე.წ. მე-4 მუხლის მიმოხილვის მისია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ყველაფერზე, მათ შორის ახალი პროგრამის პერსპექტივებზე. ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს. როდესაც ვაშინგტონში გვქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდთან, იქაც ორმხრივად გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. სავალუტო ფონდი არის სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ასეთ პარტნიორულ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.