ნათია თურნავა - საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის
ნათია თურნავა - საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის

საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A – ი ნავთობისა და გაზის კვლევა – ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა  იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის  ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A – ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV – ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A – თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A – ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუკ-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

„OMV Petrom-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული OMV Group- ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. ასეთი დიდი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდ-ის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად უცხოელი ინვესტორების მიმართ. მთავარი, რამაც განაპირობა ამ კომპანიის შემოსვლა, არის ჩვენი გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ ქართულ მხარესა და OMV Petrom S.A-ის შორის ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიების შემდეგ.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 25-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ პირველივე ეტაპზე ძებნა-ძიების პროცესში დამაიმედებელი სურათი გამოიკვეთება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი  საკუთარი რესურსების დამუშავებაა, იქნება ეს წყალი, ნავთობი თუ გაზი,“ – განაცხადა მინისტრმა.

OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.