ნათია თურნავა - საქართველო-რუმინეთს შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება
ნათია თურნავა - საქართველო-რუმინეთს შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო.

„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული, არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1 000 მგვტ-ის სიმძლავრის კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.