ნათია თურნავა - საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო
ნათია თურნავა - საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო

საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აღნიშნულ სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

„გუშინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატა ტურიზმის ინდუსტრია. სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, ვინც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. დღეს გვქონდა პირველი სამუშაო ხასიათის შეხვედრა, სადაც ასევე ჯანდაცვის სამინისტროც მონაწილეობდა. ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტულად და ოპერატიული, რადგან ტურისტული სეზონი უკვე მოსულია.

ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვაქცინირებულ სასტუმროებსა და რესტორნებს ისეთ სარგებელს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. დღეს საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული მასპინძლობის ინდუსტრია არის უსაფრთხო და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, –  განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა.

„დღეს დავინახეთ მზადყოფნა სასტუმროს, რესტორნებისა და ტუროპერატორების მხრიდან. ბევრმა მათგანმა აიტაცა ეს ინიციატივა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ისინი იმუშავებენ თავიანთ თანამშრომლებთან, მათთან კონსულტაციებს ჩაატარებენ. ეს სრულიად ნებაყოფლობითი პროცესია, მაგრამ ნათლად დაინახეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული სახის სარგებელი და შეღავათები გავრცელდეს ასეთ უსაფრთხო ორგანიზაციებზე.

იყო საუბარი იმაზეც, თუ სად მოეწყობა ვაქცინაციის პუნქტები. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ მაგალითად რეგიონებში იმ ობიექტების მახლობლად ძალიან მაღალ დონეზე იქნება მოწყობილი კვალიფიციური პერსონალის დახმარებით“, – განაცხადა თურნავამ.