ნათია თურნავა - სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ვმუშაობთ
ნათია თურნავა - სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ვმუშაობთ

დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია, 50 პროცენტამდეც იყოს.

„ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ,“ – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

„მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ვმუშაობთ და ვფიქრობ, საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იმავე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყოველკვირეულად იზრდება როგორც ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობაც.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ფრენებს დაიწყებს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგზი“, რომელიც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არ დაფრინავდა.

„ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, განსაკუთრებით მადრიდის ტურიზმის გამოფენის შემდეგ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.