ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში დავეხმარებით
ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში დავეხმარებით

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დღევანდელ საჭიროებებზე უფრო  მორგებული გახდება, გაიზრდება სესხების  მხარდაჭერა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე საბანკო სესხის მიღება დღეს რეალურად უფრო რთული ხდება.

მინისტრის განმარტებით, პროექტით ბიზნესებისთვის უფრო მეტი რაოდენობის სესხი იქნება მხარდაჭერილი.

„ასევე ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც წინა წლებში, როცა ეკონომიკა მყარი იყო, იმდენად მოთხოვნადი არ ყოფილა, რადგან რისკები იყო დაბალი.  დღეს კი, ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სქემას ძალიან დადებითი როლი შეუძლია, შეასრულოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მინისტრის განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მოცულობა სულ მცირე, 300 მილიონი ლარი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მომავალში მეტი დაფინანსება აისახება.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის  ფარგლებში თანაუზრუნველყოფაში გავყვებით ბიზნესებს. კერძოდ, საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტია იქნება, ახალ სესხის შემთხვევაში. დღეს ბევრ ბიზნესს დასჭირდება ახალი სესხი, რადგან  შემოსავლები შეუმცრდათ ან გაუნულდათ და სჭირდებათ დამატებითი რესურსის მოზიდვა საბრუნავად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ამოქმედდება უპრეცედენტო ნაწილი – თუ აღნიშნული პროგრამა აქამდე მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე იყო ორიენტირებული, ამიერიდან მათ შორის დაეხმარება არსებულ ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში.

„ანუ თუ უკვე არსებული, ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს  სესხის გადახდას გადაუვადებს,  30 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც. აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი, რითაც ჩვენ  რისკებს ვამცირებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.