ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს. ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ბო ლიმ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმის კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.