ნათია თურნავა - საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ
ნათია თურნავა - საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, – ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა.

„ძალიან დიდი მადლობა გიორგი ქადაგიძეს რჩევისთვის, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, ეს რჩევები  წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავისი თანაგუნდელებისთვის მიეცა, რადგან იმ დროს არათუ ბიზნესის დივერსიფიკაცია, არამედ ბიზნესის თავისუფალი განვითარება იდგა საფრთხის ქვეშ. გიორგი ქადაგიძე ბრძანდებოდა იმ ეკონომიკური გუნდის ძალიან აქტიური წევრი. რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ამისთვის – დაწყებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონკ-კონგთან; ახლა კიდევ ინდოეთთან და ისრაელთან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაქსიმუმი გაკეთდა ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ტრადიციულ ბაზრებზე, რომლებსაც ირჩევს ჩვენი ბიზნესი. მათ შორის სამხრეთ კორეის მაგალითიც აბსოლუტურად არარელევანტურია. თუ შევხედავთ ისეთ ძლიერ ეკონომიკას, როგორიცაა სამხრეთ კორეა, მისი ტრადიციული საექსპორტო ბაზარი – იაპონია, არის ტოპ-ხუთეულში. ამიტომ რისი თქმა უნდოდა ბატონ გიორგის, ცოტა რთულად მესმის“, – აღნიშნა თურნავამ.

გიორგი ქადაგიძემ სამხრეთ კორეისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრების განცხადებები შეადარა.

„სამხრეთ კორეა, 60-იან წლებში მსოფლიოს ერთერთი უღარიბესი ქვეყანა. დღეს მე-12 ეკონომიკის სიდიდით, 40 000 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, საშუალო ხელფასი 2 400 დოლარი, 600 მილიარდი დოლარის ექსპორტით, მთავარი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, გერმანია და ა.შ. სამხრეთ კორეის ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო საინვესტიციო ფორუმზე: „ჩვენ ქვეყანას რომ ეკონომიკური დივერსიფიკაციის გზა არ აერჩია და ტრადიციულ ბაზრებს/დარგებს გაჰყოლოდა, დღეს ის კვლავ ბრინჯის მწარმოებელი ქვეყანა იქნებოდა.

საქართველო, ეკონომიკის სიდიდით 118 ქვეყანა, 10 000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე (სულ რაღაც 1994 წელს იყო კორეა ამ დონეზე), საშუალო ხელფასი 350 დოლარი, 4 მილიარდი ექსპორტი, მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გურჯაანში ფერმერებთან შეხვედრაზე: „ჩვენთვის ტრადიციული ბაზარი, რუსული ბაზარია.” ჰოდა ისევ დიდი ქართველის ნიკო ნიკოლაძის ციტირებით დავამთავრებ: „უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური..”, – დაწერა ქადაგიძემ.