ნათია თურნავა - საბოლოო მიზანი არის, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უკვე ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე
ნათია თურნავა - საბოლოო მიზანი არის, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უკვე ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე

დღეს, როდესაც ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ექვსი წელი არის გასული, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი პოზიტიური ბიძგი ჩვენი განვითარებისთვის, რეფორმებისთვის, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც არის ამის ნაწილი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

მისივე თქმით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი.

„24 პროცენტი ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვის სწორედ ევროკავშირზე მოდის. ძალიან დიდი წილი არის ქართული პროდუქციის ექსპორტის სწორედ ევროკავშირში. ეს არის ძალიან დიდი ასპარეზი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მათი კონკურენტუნარიანობა იზრდება. მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის დახმარებით. უამრავ სფეროში ევროკავშირი გვეხმარება რეფორმების წარმართვაში და ერთობლივი რეფორმების საგზაო რუკა გვაქვს, რომელსაც ვახორციელებთ.

მაგალითად ენერგეტიკაში უდიდესი რეფორმა ხორციელდება, ჩვენ ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების მხარე, ენერგოგაერთიანების წევრი და ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი მთლიანად გარდაიქმნა ევროპული ტიპის ბაზრად. დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, ვახორციელებთ რეფორმებს ენერგოეფექტურობის და კონკურენციის გაზრდის მიმართულებით. ასეთივე საინტერესო რეფორმები ხორციელდება სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში. საქართველო არის მონაწილე ტრანს-ევროპული სატრანსპორტო პროექტების. 18 ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში – საგზაო მშენებლობა, სარკინიგზო, საპორტე და ბევრი სხვა არის ნაწილი სწორედ აი ამ ტენტი ქსელის. ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში, სურსათის უვნებლობის ნაწილში ძალიან დიდი რეფორმები ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით. ასევე, ხარისხის მართვის სფეროში, რაც ზრდის ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და უამრავი სხვა სექტორი, სადაც ჩვენ დავისახეთ მიზნად ევროკავშირთან ერთად, რომ ვიმოძრაოთ და დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას, მოვახდინოთ ჰარმონიზაცია და ეს ხდის ჩვენს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ მათთვის არის ნაცნობი თამაშის წესები, რომელიც ინერგება ჩვენთან“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, საბოლოო მიზანი არის, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„ჩვენ უკვე ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე და ძალიან ხელშესახები პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით“, – აცხადებს ნათია თურნავა.