ნათია თურნავა - რესტორნები ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში არიან, ამას ვხედავთ, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ყველა პრობლემა ვიცით
რესტორნები ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში არიან, ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ, გვაქვს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, თუნდაც იმ დონეზე, რომ ყველა პრობლემა მათი ვიცით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მიმდინარე კვირა ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის დავალებით სწორედ ბიზნესებთან კომუნიკაციას მიუძღვნა.
„უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგრც კი, გვეძლევა საშუალება, იგივე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს ვხსნით, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით, შეუძლებელია, ჩვენ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და წინა ნორმალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად უნდა ახასიათებდეს ჩვენს ნაბიჯებს. პირველი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდ მაღაზიები, ეს არ არის მხოლოდ დიდი შოპინგ მოლები, ეს არის მცირე მაღაზიები, ინდმეწარმეები და ასე შემდეგ. 15 თებერვლიდან თუ არ მოგვეცა ამის საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები, ძალიან ფრთხილად, ვსაუბრობთ სკოლებზე, ვსაუბრობთ ტრანსპორტზე. მერწმუნეთ, არ მიწყენენ რესტორნები, არის მეტად პრიორიტეტული, რომ უფრო მეტ რაოდენობა ადამიანებს ეხება. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ავუხსენით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას, შეიძლება ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, მაგრამ რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ, აქედან გამომდინარე, როგორც კი, მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად და აჭარა კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს და მესმის მათი პროტესტის, მესმის, რომ მათი პროტესტი ეს არ არის რაღაცა პოლიტიზებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემები გამოწვეული პროტესტი. მე ამის დიდი იმედი მაქვს და რწმენა, რომ ეს ასეც იქნება და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს ამის საშუალება, ეპიდემიოლოგიური ვითარება, გავხსნათ ღია სივრცეები რესტორნებშიც“, – განაცხადა თურნავამ.