ნათია თურნავა - ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი მოწინავე იქნება
ნათია თურნავა - ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი მოწინავე იქნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი მოწინავე იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

„ძალიან საპატიოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს მენეჯმენტის ქვეშ რჩება, არის ასეთი წარმატებული. მართლაც ძალიან მაღალი არის მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი და ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პოლიტიკამ, მათ შორის, დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოყვანის და არსებული დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენების გაფართოების თვალსაზრისით. 2019 წელს შემოვიყვანეთ „რაინეარი“, „ვიზეარმა“ პრაქტიკულად გააორმაგა პირდაპირი ფრენები ევროპისკენ და ეს სწორედ ამის შედეგია. წელს შემოდგომაზე ვამთავრებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ინფრასტრუქტურულადაც ქუთაისის აეროპორტი იქნება ერთ-ერთი მოწინავე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა. საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.