ნათია თურნავა - ქართული წარმოების პირბადე არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, იკერება საქართველოში, რაც საამაყოა
ნათია თურნავა - ქართული წარმოების პირბადე არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, იკერება საქართველოში, რაც საამაყოა

მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, ქართული წარმოების პირბადეების პირველი პარტია, 400 ათასი ცალი საქართველოს აფთიაქებში შევიტანეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქსელიდან უკვე გაიყიდა 70 პროცენტი და სხვა ქსელებშიც მაღალი მოთხოვნაა.

ნათია თურნავას განცხადებით,  კარგია, რომ ადამიანებმა გაითავისეს პირბადის, როგორც ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალების, ტარებისა და შეძენის აუცილებლობა.

„ვეცდებით, ძალიან სწრაფად შევავსოთ ეს მარაგები. ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ,  ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ქართული წარმოების პირბადის ვიზუალურ მხარეს, ნათია თურნავას განმარტებით, უპირველესად, ყველას უნდა ახსოვდეს და მოსახლეობას კარგად ესმის, რომ პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, არამედ ეს არის ვირუსით ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომლის ტარება დღესდღეობით აუცილებელია.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა დღეს არსებულ გამოწვევას გადალახავს, ალბათ დადგება დრო, როცა პირბადეს, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს, შევხედავთ.

„გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, რომელიც ქართული წარმოებისაა და იკერება საქართველოში, რაც საამაყოა. დღეს პირბადეების კერვაზე ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალოებში. ამიტომ  მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით  უკეთესი, ვიდრე რომელიღაც ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რაც შეეხება ხარისხს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.

„პირბადის დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით შეირჩა. ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით გვაქვს და აქედან გამომდინარე,  დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია ბაზარზე წარდგენილ ანალოგებს შორის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.