ნათია თურნავა - პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა
ნათია თურნავა - პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა

პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საერთო ჯამში, 2019 წელი პოზიტიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, იმ საწარმოებმა, რომლებმაც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“, – აღნიშნა მინისტრმა პრეზენტაციაზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში, ქალაქებსა თუ რეგიონებში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის მცირე სასტუმროებს, რომლებსაც გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ  დახმარება დასჭირდათ. მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.

ღონისძიება საწარმო „მეამაში“ გაიმართა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „მეამა“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.