ნათია თურნავა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს მშპ-ს შედარებამდე, შესაბამის მეთოდოლოგიაში გაერკვნენ
ნათია თურნავა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს მშპ-ს შედარებამდე, შესაბამის მეთოდოლოგიაში გაერკვნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, რეგიონის ქვეყნების მდგომარეობასთან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედარებამდე, შესაბამის მეთოდოლოგიაში გაერკვნენ.

მინისტრის თქმით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა.

„ზოგადად, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი, ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მოვუწოდებ, რომ გაერკვეს ელემენტარულად მეთოდოლოგიაში. ჩვენ მზად ვართ, ეს ინფორმაცია მივაწოდოთ.

რაც შეეხება თვითონ მონაცემებს, გეტყვით, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მშპ-ს გადათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმა, როგორიც არის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, ასევე გააკეთეს თავისი მშპ-ს გადათვლა აღნიშნული ახალი მეთოდოლოგიით, მაგრამ ცოტა უფრო ადრე. შესაბამისად მათი მონაცემები უკვე აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში, მაგრამ მერწმუნეთ, იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, საკმაოდ მაღალი, ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, 4 700 დოლარს მიაღწევს და უკვე სავალუტო ფონდის შემდეგ მიმოხილვაში ასახული იქნება და იქნება საჯარო“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ამ მონაცემის მიხედვით რეგიონში კვლავაც არის და იქნება ლიდერი.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია. მისი თქმით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250 დოლარით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600 დოლარით წინ იყო სომხეთზე.

დატოვე კომენტარი