მამუკა ხაზარაძე - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია
მამუკა ხაზარაძე - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250 დოლარით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600 დოლარით წინ იყო სომხეთზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია.

„ჩვენ რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. რა თქმა უნდა, გვახარებს ჩვენი მეზობელი ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად ვიმყოფებით ჩვენ. 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ იყო 4 341 დოლარი. იმავე წელს სომხეთის შემოსავალი იყო 3 732 დოლარი. დაახლოებით 600 დოლარით წინ ვიყავით ჩვენს მეზობელზე. 2019 წელს ვითარება შეიცვალა – საქართველო უკვე 250 დოლარით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია. გარდა ამისა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი გაიზარდა, მიაღწია 22,5 მილიარდ ლარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან სასამართლო პროცესები თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული, სამომავლო გეგმებსა და პარტიის საქმიანობაზე ბრიფინგებს სასამართლოს შენობის წინ გამართავს.

„სასამართლო თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული. მათ სურთ ხელი შეგვიშალონ ჩვენი პარტიული აქტივობებში, რომ მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს საშუალება რეგიონში მოგზაურობის. გადავწყვიტეთ, ყოველ მოსვლაზე სასამართლოს წინ ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს გავაცნოთ გეგემები, თეზისები. ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება და ამით არის შეშინებული მმართველი პარტია“, – განაცხადა ხაზარაძემ.