ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში „ჰუალინგ ჯგუფის“ 15 მილიონიანი ინვესტიცია დასტურია, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის უსაფრთხო ქვეყანაა
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში „ჰუალინგ ჯგუფის“ 15 მილიონიანი ინვესტიცია დასტურია, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის უსაფრთხო ქვეყანაა

მოხარული ვართ, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა,  ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ასაშენებლად 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჰიპერმარკეტში, რომელიც 12 000 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება საშენი მასალები, როგორც მთელი მსოფლიოდან, ასევე საქართველოში წარმოებული. თუმცა სასურველია, მეტი ქართული საშენი მასალა იყოს წარმოდგენილი.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული, „ჰუალინგ ჯგუფის“ ეს პროექტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება, ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს. იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიჰაუსის“ ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება.