ნათია თურნავა - ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი ფრენები ეტაპობრივად გახსნება
ნათია თურნავა - ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი ფრენები ეტაპობრივად გახსნება

ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნესვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რით აიხსნება ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და უკავშირდება თუ არა მოახლოებული არჩევნებს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით.

„ახლა ფრონტის ხაზი გადის ეკონომიკაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ის პოზიტიური მოლოდინი, რაც აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ჩვენი ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ეს მოლოდინი გავამართლოთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეკონომიკა შეუფერხებლად მუშაობდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია გლობალური პანდემიის გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილება არამც და არამც არ ზრდის ინფიცირების რისკებს, რადგან მოთხოვნილი იქნება აუცილებლად პისიარ ტესტის შედეგები და მსოფლიოშიც ტესტირების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მზად ვართ ასეთი თამამი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, ჩვენი პრევენციული ღონისძიებები უფრო აპრობირებულია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი