ნათია თურნავა - ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღგენა დაიწყება
ნათია თურნავა - ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღგენა დაიწყება

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები – გამოიცა ახალი, ე.წ. ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული, ახლა კი ეს მიმართულებები არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის.

„ეს არის ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნჰენი, პარიზი, რიგა – აქ კომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს – ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებებით იმ კომპანიებს, რომლებიც აქამდეც ასრულებდნენ რეისებს, აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ რეგულარული ფრენები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები, მაგალითად, რა სიხშირით და როდიდან განახლდება ფრენები, დიდად არის დამოკიდებული თვითონ ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას.

„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს რეისების ეტაპობრივი გახსნა. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, არის კორონავირუსის მეორე ტალღა, აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია. ჩვენი არჩევანია იმდაგვარად ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება ფრენების და მობილობის ის ეტაპობრივი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისთის, მათ შორის ბიზნესვიზიტორებისთვის, რაც უკვე განხორციელდება ნოემბრის თვიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი