ნათია თურნავა - მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე სადგურებთან ერთად, წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა  
ნათია თურნავა - მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე სადგურებთან ერთად, წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა  

ენერგეტიკა კვლავ რჩება ინვესტორებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ დარგად, ეს იმ რეფორმებისა და ბაზრის დერეგულაციის შედეგია, რომელსაც ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გაიხსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და ინვესტორებს მეტი სტიმული აქვთ, ჩადონ ინვესტიციები მცირე ჰესებში, განახლებად სადგურებში.

„ამასთან, კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ეს არის ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია. ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი უკვე ვითარდება, პირველ რიგში, ვიტყვი „ნამახვანს“. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას, ასევე „ნენსკრაჰესი“, ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები, ახალი კონტრაქტორის შერჩევა ხდება. რაც შეეხება სხვა მსხვილ სადგურებს, „ხუდონის” მშენებლობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ დავასტრუქტურიროთ იმგვარად, რომ ნაკლები სოციალური პრობლემა და გარემოსდაცვითი რისკი იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, წინ უნდა წაიწიოს მსხვილი ჰესების მშენებლობამაც.

„ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ სადგურებთან ერთად, წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.