ნათია თურნავა - მთავრობის ახალი პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა დეტალური ინფორმაციის მიღება ერთ სივრცეში შეძლონ
ნათია თურნავა - მთავრობის ახალი პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა დეტალური ინფორმაციის მიღება ერთ სივრცეში შეძლონ

საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების და მათში ჩართვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამბროლაურში, პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობისთვის 20-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა შექმნა.

„ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მეწარმეებო, თქვენთვის არის შექმნილი. ეს პროგრამები გავიტანეთ თბილისიდან, წამოვიღეთ აქ, რაჭაში და კიდევ ასამდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან, შეავსოთ აპლიკაცია, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით გააფართოვა მეწარმეების ხელშესაწყობად გამიზნული პროგრამები.

„მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამ რამდენიმე თვეში, შემიძლია გითხრათ, რომ 1000-ზე მეტმა მცირე და საოჯახო სასტუმრომ ისარგებლა ახალი პროცენტის სუბსიდირების დამხარებით და პროგრამით, 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა ბინათმშენებლობის პროგრამის წყალობით, 29 ახალი სამეწარმეო პროექტია მხარდაჭერილი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ეს არ არის ყველაფერი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით ერთიანი სივრცეების შექმნას 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამისთვის სერვისცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე – programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.