ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამაზე - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს
ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამაზე - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს

საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ვორქშოპი ჩაატარეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში კონკურენცია საფინანსო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია.

მისივე თქმით, ჯანსაღი კონკურენცია საფინანსო სექტორში ხელს უწყობს ეფექტურობის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების მიწოდებას, მეტ ინოვაციას, დაბალ ფასებსა და გაუმჯობესებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

„ჩვენი საფინანსო ბაზარი კარგად არის განვითარებული, არის სტაბილური, მაგრამ, ამავდროულად, ბევრი ახალი მონაწილე შემოდის ბაზარზე. ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ ახალ ციფრულ ბანკებზე, ასევე ორი ახალი მიკრო ბანკი შემოემატა ბაზარს, არიან არასაბანკო მოთამაშეები – ვირტუალური აქტივის სერვისის მიმწოდებლები, ასევე საგადახდო სერვისის მიმწოდებლები. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, კონკურენცია გაზრდის საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, შეამცირებს დანახარჯებს და მოსახლეობასაც უფრო მისაღებ პირობებში ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ სერვისებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის მთავარმა ეკონომისტმა, პიეტრო კალიჩემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კონკურენციას ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში ვუყუროთ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიულად უდგებოდა ფინანსურ სექტორში კონკურენციის კანონის აღსრულებას. ახლა კი მას შეუძლია, არსებულ ძალისხმევას ექს-ანტე რეგულაციით კონკურენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაც დაამატოს. ღია ბანკინგის ჩარჩო, ციფრული ფინანსების ჩარჩო, სწრაფი გადახდის სისტემები და სხვა ექს-ანტე რეგულირების მაგალითებია, რაც წაახალისებს კონკურენციას. ჩვენი ტექნიკური დახმარების მიზანია, ეროვნულ ბანკს დავეხმაროთ, რეგულაციებს უფრო სისტემურად მიუდგეს და წესებსა და რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებებისა თუ სიახლეების შესაძლო ზეგავლენა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა პიეტრო კალიჩემ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისა და კონკურენციის აღსრულების ექს-პოსტ (კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირების) მექანიზმების დანერგვის საქმეში. მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარება, რომელიც საფინანსო სექტორში კონკურენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ამჯერად ექს-ანტე აღსრულებაზეა ფოკუსირებული და საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ რეგულაციების გამოვლენაში გაუწევს დახმარებას, რომლებიც შესაძლოა, ბაზრის დინამიკას აფერხებდნენ“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.