ნათია თურნავა - მოვუწოდებ ყველას, პატივი ვცეთ არბიტრაჟს და „ფრონტერას“ შესახებ გადაწყვეტილებამდე ნუ გავაკეთებთ მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს
ნათია თურნავა - მოვუწოდებ ყველას, პატივი ვცეთ არბიტრაჟს და „ფრონტერას“ შესახებ გადაწყვეტილებამდე ნუ გავაკეთებთ მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს

კომპანია „ფრონტერა ჯორჯიასთან“ დაკავშირებით საერთაშორისო არბიტრაჟში, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა აშშ-ის კონგრესმენების წერილთან და კომპანია „ფორნტერასთან“ დაკავშირებით.

მინისტრი განმარტავს, რომ დავაში საქართველოს მხრიდან ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო.

მისი თქმით, საქართველო გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდება.

„2019 წლის დეკემბერში ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან და საარბიტრაჟო შემთხვევასთან დაკავშირებით და ჩვენი მხარე ძალიან დიდი მოთმინებით, ძალიან დიდი პატივისცემით საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართ, ველოდებით უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას. ჩვენი მხარე, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სააგენტო საკმაოდ მყარად არიან დარწმუნებული საკუთარ არგუმენტებსა და ამ დავის მოგების შესაძლებლობებში,  მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო პროცესს და ამიტომ თავს ვიკავებთ სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამისგან, რასაც მე სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს, პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადდება, ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, ლოგიკურად ეს შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი.

„ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ვართ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებისა და დასაქმებულების ინტერესებზე ვზრუნავთ. კომპანია „ფრონტერა ჯორჯიამ“ ბოლო პერიოდში მე ვიტყოდი, ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალისა და იქ დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით, 11 თვისა და მეტი დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით. ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ათობით ჩვენი მოქალაქის ოჯახი“ – განაცხადა ნათია თურნავამ.