ნათია თურნავა - მოლოდინი გვაქვს, რომ ის უარყოფითი შედეგი, რაც სანქციებმა ტურიზმის თვალსაზრისით მოგვიტანა, მალე განეიტრალდება
იმისთვის, რომ ადამიანები საქართველოში უფრო ადვილად ჩამოვიდნენ, მათი ტურისტული დანახარჯები იყოს ნაკლები და ჩვენი მიმზიდველობა იყოს უფრო მეტი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების არეალის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, საავიაციო ნაწილში საქართველოს „ღია ცის“ პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტურისტულ პოლიტიკასთან, რადგან მსოფლიოში საქართველოს წარდგენა ხდება უსაფრთხო, უნიკალური, საინტერესო ტურისტული ბაზრის მქონე ქვეყნის იმიჯით.
როგორც გადაცემაში სტუმრობისას ნათია თურნავამ განაცხადა, ევროპასთან მიმოსვლა ძალიან მრავალფეროვანი გახდა, რასაც ხელი შეუწყო ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – „ვიზეარის“ და „რაინეარის“ შემოსვლამ.
„თუმცა, ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე კომერციულად არის პირდაპირი მიმოსვლა აშშ-სთან და აქ გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები. თუმცა, ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი სიახლე ვახსენო – ეს არის იმ სანქციების გაუქმების პერსპექტივა, რაც ჩვენ დაგვეკისრა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქციების გაუქმება ცალსახად დადებითი მოვლენაა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მოლოდინებზე, მიმოსვლაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ის უარყოფითი შედეგი, რაც ტურიზმის თვალსაზრისით სანქციებმა მოუტანა საქართველოს, განეიტრალებული იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, აშშ-სთან ფრენების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი პასუხები და მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ამერიკულ მხარესთან პირდაპირ ფრენებზე დაწყებულია.
„ამერიკის ფრენები არის ძალიან პერსპექტიული, გვაქვს დამაიმედებელი პასუხები. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი აშშ-ში და შევხვდით ავიაკომპანიებს „დელტასა“ და „იუნაიტედ ეარლაინსს“. მთავარია, დიალოგი დაიწყო, პროცესი დაიწყო და ეს არ არის რამდენიმე დღეში გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ საბოლოო შედეგი იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.