ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ, რომ უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ, რომ უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც თურნავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს თურქეთთან აქვს არა მხოლოდ აქტიური ტურისტული მიმოსვლა, არამედ საერთო საქმიანი კავშირებიც.

„ბიზნესით დაკავებული ბევრი თურქი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში და პირიქით. ორ ერს შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია და მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის აქტიური იყო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ, უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, უსაფრთხო იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაც.

„აქედან გამომდინარე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან ვისაუბრეთ იმ პროტოკოლებსა და აუცილებელ პირობებზე, რომლებიც უნდა შესრულდეს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღსადგენად. ასევე ყურადღება გამახვილდა „თურქეთის ავიახაზების“ მზადყოფნაზე, რომ აღადგინოს ფრენები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ერთგვარი სატრანზიტო ჰაბი საქართველოში ჩამოსასვლელად,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.