ნათია თურნავა - მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ დიალოგს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს
ნათია თურნავა - მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ დიალოგს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს

ვუყურებთ, ეტაპობრივი გახსნა რა შედეგს მოიტანს, რადგან ნამდვილად არ გვინდა, ერთი თვის თავზე კვლავ დასაკეტი იყოს მოლები, მაღაზიები, რესტორნების გახსნა გადაიდოს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი რესტორატორთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რესტორატორები, შეზღუდვის მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნების გახსნას აპირებენ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ ამა თუ იმ ბიზნესის დროებით დახურვაზე ან გახსნაზე, არის კოლექტიური ნამუშევარი. ერთიანი გადაწყვეტილება მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც ყველას ხმა არის მოსმენილი. შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთიან გადაწყვეტილებას ვემხრობით. მე გეტყვით, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ძალიან მნიშვნელოვანი დარგები გაიხსნა პირველი თებერვლიდან. ეს არის ვაჭრობა სრულიად საქართველოს მასშტაბით, აჭარაში მათ შორის სარესტორნო ბიზნესი, საერთაშორისო ფრენები, ვიზიტორების შემოსვლა და გარდა ამისა, არაეკონომიკური სფეროს აქტივობები. არის კიდევ ძალიან აქტუალური სფერო, ჯერ კიდევ დაკეტილი, რომელზეც უახლოეს პერიოდში ვიმსჯელებთ – იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო და საქალაქო“, – განაცხადა ნათია თურნავამ​​.

მისივე თქმით, სრულად იზიარებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც აქამდე იყო მიღებული და მიმართავს რესტორნებს, ნუ გაართულებენ დიალოგს.

„მათი ხმა არის მოსმენილი, მათი ხმა არის გაგონილი და ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ჩვენი კარი მათთვის არის ღია. ერთი კვირის წინ ჩვენ, სრულიად ეკონომიკურ გუნდს სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათთან შესახვედრად. მაგრამ, სხვა საკითხია, რომ ყოველთვის მათი მოსაწონი არ არის ის გადაწყვეტილება, რაც მიიღება. ეს კარგად უნდა გავიგოთ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება სწორედ ამას ნიშნავს – ერთი მხრივ, ჩვენ ვუყურებთ, ეტაპობრივი გახსნა რა შედეგს მოიტანს, რადგან ნამდვილად არ გვინდა, ერთი თვის თავზე კვლავ დასაკეტი იყოს მოლები, მაღაზიები, რესტორნების გახსნა გადაიდოს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს. აქედან გამომდინარე, მე კომუნიკაციის პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ არ მინდა, რომ ეს კომუნიკაცია და პარტნიორული ურთიერთობა, თუნდაც ჩვენს სამინისტროსა და მათ შორის გართულდეს იმის გამო, რომ მასობრივი კანონის დარღვევის ფაქტებს მივიღებთ, რაც არ იქნება მოსაწონი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.