ნათია თურნავა - მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველო მიმზიდველ პლატფორმად განიხილებოდეს
ნათია თურნავა - მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველო მიმზიდველ პლატფორმად განიხილებოდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შეირჩა ორი მიმართულება, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.

მისივე თქმით, ერთი არის გემთმშენებლობისა და ნაოსნობის მიმართულება და მეორე კი – აიტისფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული პროგრამირება.

„შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია შესაძლებლობა, რომ საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით, მაქსიმალურად მოვიზიდოთ გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესიტციები. ერთი ეს არის სანაოსნო სფერო, ზოგადად გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები. ძალიან მნიშვენლოვანი ინდუსტრია და მათ შორის, მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც კვალიფიციურები და ახლა ჩვენ გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინამძღვრები, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები. მაგალითად, მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდრეობით მსოფლიოში სანაოსნო დარგში ლიდერებად მიიჩნევიან და საქართველოსაც აქვს ამის პოტენციალი.

მეორე, ასეთივე მიმზიდველი აღმავალი პროფესია არის IT სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები. ისეთი ტიპის შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის ხუთი პროცენტი, 15-ის ნაცვლად, გლობალურ IT კომპანიებს ბიძგს მისცემს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, ვინც დღეს შეიძლება, ამ სფეროში საქმიანობს, მაგრამ „ფრილანსერის“ სტატუსი  აქვს. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს მეტ სტიმულს ერთი მხრივ, გლობალურ IT კომპანიებს, რომ საქართველო განიხილონ, როგორც პლატფორმა და მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს, დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, უკვე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც საქართველოში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა.

„როდესაც ამ წესის შემუშავებაში ვიყავით ჩართული ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უკვე ამ ინფორმაციამაც კი მისცა ბიძგი რამდენიმე კომპანიას ჩვენს რეგიონში, რომელმაც უკვე დაიწყო ჩვენთან კონტაქტი, რომ საქართველოში გადმოვიდეს. ჯერჯერობით კონკრეტიკას მოვერიდები, მაგრამ ეს სიახლები უახლოეს პერიოდში თქვენსთვისაც იქნება ცნობილი.

მიუხედავად გლობალური პანდემიისა,უნდა შევძლოთ უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველო უფრო მეტად განიხილებოდეს, როგორც მიმზიდველი პლტფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა,  ყველაზე უფრო სტაბილურად გამოიყურება, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნესგარემოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.