ნათია თურნავა - მინდა, ყველას საპასუხოდ ვთქვა, ვერანაირი შავი პიარი და შანტაჟი ვერ გადაგვახვევინებს პრინციპებიდან
ნათია თურნავა - მინდა, ყველას საპასუხოდ ვთქვა, ვერანაირი შავი პიარი და შანტაჟი ვერ გადაგვახვევინებს პრინციპებიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუშს უწოდებს.

მან მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებამდე რესპონდენტების სანდოობა გადაამოწმონ.

„ჩემ გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რადგან არის კლასიკური შავი პიარი – ფეიქ ნიუსი პოლიტიკოსზე დაყრდნობით. მოგიწოდებთ მედიას, უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად იწვევენ სანდოობას თქვენი რესპონდენტები. ვიდრე ასეთი ტიპის ინფორმაციას გაავრცელებთ, პირველ წყაროსთან გადაამოწმოთ. ამაზე არ გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს ისეთი სახეები ჩანდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, როგორც ჩანს, ამას გარკვეული მოტივაცია გააჩნია, რადგან ეს იყო ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუში, რაც ჩემთან მიმართებაში განხორციელდა“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ ბევრ რეფორმას ახორციელებს, რაც გარკვეულ ჯგუფებს არ მოსწონთ.

„ვრცელდებოდა სრულიად ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მე ამას ასე ვხსნი – ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონს. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინეარი“, „ვიზეარის“ გაორმაგებული მიმართულებები; შეიძლება, ვიღაც მისტირის პერიოდს, როცა ცა იყო გაყოფილი ორ-სამ კომპანიას შორის და ეს იყოს მონოპოლიზებული; შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ ენერგეტიკაში ჩვენი რეფორმების შედეგად ისევ მოხდა ბაზრის დერეგულირება და გახსნა, არის მეტი კონკურენცია; შეიძლება, ვიღაცას საერთოდ არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, რადგან სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არანაირი შავი პიარისა და შანტაჟის გამო არ მოდება გადახვევა აღნიშნული პრინციპებიდან.

„მინდა, ყველას საპასუხოდ ვთქვა, ვერანაირი შავი პიარი, ვერანაირი ფეიქ ნიუსები, ვერანაირი შანტაჟი ვერ გადაგვახვევინებს ჩვენ ამ პრინციპებიდან. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილი. ვერ ეღირსებიან, ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევა, ჩვენ მედგრად ვდგავართ, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.