ნათია თურნავა - მაინტერესებს პეტიციის ავტორებისგან, იზიარებენ თუ არა მოწოდებას, „არა ჰესებს“ და ინვესტორების მიმართ ქსენოფობიურ გამონათქვამებს
ნათია თურნავა - მაინტერესებს პეტიციის ავტორებისგან, იზიარებენ თუ არა მოწოდებას, „არა ჰესებს“ და ინვესტორების მიმართ ქსენოფობიურ გამონათქვამებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად.

როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ღიაა ნებისმიერი კრიტიკის მიმართ და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

„ძალიან აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე დისკუსიებში, იკვეთება, რომ ნამახვანის მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად. პირველი ნაწილი ეს არის, ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ – „არა ჰესებს“. მეორე ნაწილი ეს არის, მე ვიტყოდი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა უცხოელი ინვესტორის მიმართ. მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი, კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ასე შემდეგ. მაინტერესებს, აქ შეკრებილია საზოგადოება, ბევრი მოწვეული სტუმარი, ჩვენი ტრადიციული კრიტიკოსები. აბსოლუტურად ღია ვართ ამ კრიტიკის მიმართ და მზად ვართ, ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, მაგრამ ამ სამი კონკრეტული ბლოკიდან, რა რაკურსშიც მიმდინარეობს დისკუსია და კრიტიკა „ნამახვანთან“ მიმართებაში, იზიარებენ თუ არა ისინი საერთოდ „არა ჰესებს“ და ომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ჩვენ გვესმის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამიტომ თითოეულ გამომსვლელს მინდა ვთხოვო, რომ ეს მომენტი დააკონკრეტოს. თუ იზიარებენ, ამ ნაწილში, რიტორიკაში ვერავის ვერ შევყვებით და სალაპარაკო არაფერია. თუ არ იზიარებენ, მაშინ ნებისმიერი საკითხი ამ პროექტის მიმართ, არის ღია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად, ესწრებიან ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები.