ნათია თურნავა ლონდონში, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა
ნათია თურნავა ლონდონში, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ლონდონში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

მინისტრმა ასამბლეის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განსაკუთრებული ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

ნათია თურნავას განცხადებით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის (E5P) ფონდი, რომელიც მიმართულია, წაახალისოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობის მიმართულებით და გარემოსდაცვითი პროექტები ჩვენს რეგიონში. ყველა ასეთ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისა და მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ E5P-ის ასამბლეაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.