ნათია თურნავა - წერტილოვანი შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქალაქებსა და სექტორებს, სადაც ტრადიციულად მობილობა მაღალია
ნათია თურნავა - წერტილოვანი შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქალაქებსა და სექტორებს, სადაც ტრადიციულად მობილობა მაღალია

ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლის შემდეგაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და შევანელებთ ვირუსის გავრცელებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო.

„შეზღუდვები იქნება ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება; ასევე არასაყოველთაო, ანუ სექტორული – ის იქნება კონკრეტულ სექტორებზე მიმართული, რომლებიც, ტრადიციულად, ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში, უფრო მეტ მობილობას აგენერირებს. მაგალითად, ესაა არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები, ზამთრის კურორტები,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეეხება, საქალაქო ტრანსპორტის გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ იზღუდება.

„ეს ბიზნესები საქმიანობის სხვა ფორმაზე გადავლენ. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. იგივე ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. ამავე დროს, გაგრძელდება საბითუმო ვაჭრობა და სხვა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები იქნება კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი და სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.