ნათია თურნავა - ლარის კურსის რყევა მოკლევადიანია და უნდა ველოდოთ, რომ დასტაბილურდება
ნათია თურნავა - ლარის კურსის რყევა მოკლევადიანია და უნდა ველოდოთ, რომ დასტაბილურდება

ჩვენ ვართ ღია, ლიბერალური ქვეყანა და გარე შოკები გარკვეულწილად გავლენას ახდენს ლარის კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადა.

„ეკონომიკური პოლიტიკა ჯანსაღია, მაკროეკონომიკური ვითარება სტაბილურია. ჩვენ ვართ ღია, ლიბერალური ქვეყანა და რა თქმა უნდა, გარე შოკები გარკვეულწილად გავლენას ახდენს, თურქეთში ლირის დასუსტება და ასე შემდეგ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ სტაბილურია ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ინფლაცია არ არის მაღალი, აქედან გამომდინარე, არაფერი გვაფიქრებინებს, რომ აქ არის რაიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ლარის კურსის რყევა მოკლევადიანია და აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ დასტაბილურდება.

„აქ არის გარე შოკი ძირითადად ლირის ზემოქმედება, რადგან თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი, მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება, ეკონომიკური პოლიტიკა იმდენად დაბალანსებულია, რომ ეს შოკი არ არის მნიშვნელოვანი. თუ შევადარებთ, როგორი რყევები ახასიათებს სხვა მეზობელ ქვეყნებს თავის ვალუტებში, ნახავთ, რომ საქართველო ამ მხრივ ყველაზე უფრო დაცულია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.