ნათია თურნავა - ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი
ნათია თურნავა - ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი

ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული და არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს ეკონომიკაში, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული.

მინისტრი ლარის კურსის გამყარების ტენდენციას პროგნოზირებს. ამასთან, კიდევ ერთხელ განმარტავს, რა იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზები.

„რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, მოჰყვა დესტაბილიზაციის მცდელობას, პარლამენტის შტურმს, შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში. ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ეკონომიკა იძლევა შესაძლებლობა, ყველამ ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტა არის“, -განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მთავრობის იმ ქმედებებზეც ისაუბრა, რომელიც ლარის გამყარების ტენდენციას აუმჯობესებს.

დატოვე კომენტარი