ნათია თურნავა - კვების ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებული პროდუქციის წარმოებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების დიდი პოტენციალი აქვს
ნათია თურნავა - კვების ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებული პროდუქციის წარმოებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების დიდი პოტენციალი აქვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კვების ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებული პროდუქციის წარმოებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

თურნავას თქმით, საუბარია რძის ნაწარმზე, თევზიდან წარმოებულ პროდუქციაზე.

„იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს კვების ინდუსტრიას და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებული პროდუქციის წარმოებას. ეს არის რძის ნაწარმი, რომელიც ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია ვაწარმოოთ. ეს არის მეთევზეობა და თევზიდან წარმოებული პროდუქტები“,- განაცხადა თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებამდე მუშავდებოდა ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც ქართველი მეთევზეების დახმარებას შეეხებოდა.

„დღეს 30-ზე მეტი მცურავი საშუალება არის, რომლითაც ქართველი მეთევზეები სარგებლობენ. ძალინ ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვითვისებთ იმ შესაძლებლობას და რესურს, რისი ათვისებაც შეგვიძლია – გადამუშავებაც ან ცოცხლად მიწოდება ბაზრისთვის. ამისთვის ჩვენ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ ინდისუტრიას გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ იგივე ეხება ხორცის გადამუშავებას, ასევე ქართულ ზეთს, რომელიც, მინისტრის განმარტებით, თავისი ხარისხით უფრო გემრიელია, ვიდრე ბევრი იმპორტული ანალოგი.

„ასევე ბოსტნეული, რისთვისაც საჭიროა უფრო მეტი ლოჯისტური ცენტრი, სამაცივრე მეურნეობის განვითარება. ჩვენ განვავითარებთ ფარმაცეტიკას, საფეიქრო და სამკერვალო წარმოებებს. „აწარმოე საქართველოში“ არა მხოლოდ პროგრამის სახელია, არამედ მოწოდება, რომელსაც ძლიან ძლიერი პროგრამით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი