ნათია თურნავა - კოვიდ-პასპორტების ახალი სისტემის კარგად მუშაობის შემთხვევაში, გვექნება საშუალება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ
ნათია თურნავა - კოვიდ-პასპორტების ახალი სისტემის კარგად მუშაობის შემთხვევაში, გვექნება საშუალება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ

კოვიდ-პასპორტების სისტემის სარესტორნო ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება კოვიდ-პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეუმსუბუქდეს არსებული შეზღუდვები.

თურნავას თქმით, ასეთ შემთხვევაში საათობრივი შეზღუდვა აზრს დაკარგავს, თუმცა, ეს არ მოხდება ერთდროულად.

„ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რომელიც შემოგვაქვს, მართლაც მუშაობს და ყველა კეთილსინდისიერად იცავს მას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან თავად ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში დავრწმუნდებით, მათ შორის მედიკოსები, რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს ბევრი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათებთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი – რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეს ამის გაკეთება უბრალოდ, სწორი არ იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.