ნათია თურნავა - კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ციფრი
ნათია თურნავა - კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ციფრი

ახალი კორონავირუსის გავრცელება და ვირუსის გამო საქართველოს, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა კითხეს, რამდენით იზარალა საქართველომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთისა და ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო.

„ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენს შემთხვევაშიც, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული საკითხები. აქედან გამომდინარე ციფრები და მოლოდინები იცვლება, თუმცა შეგვიძლია, ვთქვათ და გავიმეორებ ციფრს, რომელიც უკვე დასახელდა – პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას პირდაპირ, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, რადგან ვუყურებთ როგორ განვითარდება მოვლენები, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან ტურისტების შემოსვლას ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის კვალდაკვალ შეიცვლება და დაზუსტდება ციფრებიც ზარალის შესახებ.

„ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო, აქაც არ არის ჯერ კიდევ საბოლოო გათვლები, საბოლოო პროგნოზი, სხვადასხვა ციფრი სახელდება, ისევ და ისევ, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.