ნათია თურნავა - კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი ღონისძიება და ზრუნვის პოლიტიკის ნაწილია
ნათია თურნავა - კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი ღონისძიება და ზრუნვის პოლიტიკის ნაწილია

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი ღონისძიება და ზრუნვის პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, აღნიშნული სუბსიდირება მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, პანდემიის პირველივე დღიდან რა ღონისძიებებიც გავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ისეთი კატეგორიებისთვის, ვინც საშუალო დონეზე მოიხმარს ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი სამართლიანი პაკეტია, რადგან იქნება ეს ადამიანი დასაქმებული, დროებით უმუშევარი თუ თვითდასაქმებული, ყველას შეეხება თანაბრად. ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, მოხმარების იგივე ნიშნულები იქნება, რაც აქამდე იყო და ეს წაადგება ჩვენს მოსახლეობას, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე ტვირთია იმ დროს, როცა არის კრიზისი და დროებით გაკლდება შემოსავალი, ამიტომ ეს არის ზრუნვის პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა თურნავამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს.