ნათია თურნავა - კომპანიამ AE SOLAR დღეს საქართველოდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა
ნათია თურნავა - კომპანიამ AE SOLAR დღეს საქართველოდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 140-ს შეადგენს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.

„საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ. ეს 2021 წელს ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.