ნათია თურნავა - კომენტარების გაკეთებისას კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, კომენტარის გაკეთებისას კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, რაც უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა საქმიანად და პროდუქტიულად წარიმართა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან“, – აღნიშნა მან.
ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს.
„კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს“, – აღნიშნა მინისტრმა.