ნათია თურნავა - ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია
ნათია თურნავა - ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

მისი თქმით, განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

შეხვედრაზე „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300 000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი