ნათია თურნავა - ივლისში ეკონომიკის 5,5 პროცენტიანი შემცირება კიდევ ერთი დასტურია იმ განწყობის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას
ნათია თურნავა - ივლისში ეკონომიკის 5,5 პროცენტიანი შემცირება კიდევ ერთი დასტურია იმ განწყობის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას

დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია ჯერ კიდევ არის ვარდნა, თუმც 5,5პროცენტი დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე, თუნდაც აპრილის მაჩვენებელი.

„თუ მიადევნებთ თვალყურს თვიდან თვემდე როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, ამ პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16,6%, მაისში -13,5%, ივნისში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად მოვხსენით შეზღუდვები -7,7% გვქონდა. ივლისში კი -5,5%-ია. პრაქტიკულად 3-ჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა. რაც გვაძლევს იმედს, რომ მართლაც როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, გაისად ჩვენ გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა. საიდან მომდინარეობს ეს გაჯანსაღების ტენდენციები – პირველ რიგში ძალიან კარგ პოზიტიურ მაჩვენებლებს იძლევა მომპოვებელი ინდუსტრია, რომელიც პანდემიის დროს, ყველაზე რთულ პერიოდში არ გაგვიჩერებია. ივლისში წინასწარი მონაცემებით, უკვე გადამამუშავებელი ინდუსტრიაც პოზიტივში გადავა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შიდა ტურიზმია გააქტიურებული, ასევე პოზიტიური ტენდენციები ვითარდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის დინამიკა, რეექსპორტის გამოკლებით, აქ ზრდა თითქმის 6 პროცენტია.

„ასევე აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში დერეფანში გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ჩვენ გვაქვს პოზიტივი. მართალია 2,7 პროცენტი, მაგრამ ეს არის ძალიანი ღირებული ტენდენცია იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემები შეიქმნა ზოგადად გლობალურ ლოჯისტიკაში. ჩვენ შემცირების დინამიკა არ გვაქვს. რკინიგზაზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა პირიქით გაიზარდა. კიდევ სხვა დარგებშიც გვაქვს პოზიტივი, ეს არის ჯანდაცვის და განათლების სექტორი. ამ დარგებს უახლოეს პერიოდში სხვა დარგებიც დაემატება. ჩვენ ამას ვვარაუდობთ, მათ შორის ჩვენს მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების გამოც. რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომავალ წელს ძალიან კარგ, მყარ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.