ნათია თურნავა – ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია, ვმუშაობთ, რომ ის შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს
ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი ზემოქმედება დროთა განმავლობაში შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევა საგარეო ფაქტორების გავლენას უკავშირდება ინფლაციაზე.
„დღესდღეობით ამ კუთხით ჩვენ მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმიტომ, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მდგენელი არის გარე შოკი, გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენი პოლიტიკის მიღმაა და მასზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ზემოქმედება მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, ნავთობპროდუქტების ფასებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა. თუმცა ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ის გარე შოკები და მათი ზემოქმედება, რომლებზეც პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ, დროთა განმავლობაში უფრო სიღრმისეულ შიდა ინფლაციურ ფაქტორებად არ გარდაიქმნას. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო შოკების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობასა და შესაბამის ბუფერებს, რომლებიც ეკონომიკას შესაძლო რისკებისგან იცავს.
„ქვეყნის ეკონომიკური მედეგობა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მისი ფინანსური ბუფერებითაც, უსაფრთხოების ბალიშებითაც განისაზღვრება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო რეზერვებს, რომელთა დაგროვების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო მათი ადეკვატურობის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის მზაობას გარე შოკების გასამკლავებლად. ასევე, მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის მდგრადობაც. საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძლიერი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ბუფერებს, რომლებიც ქვეყანას როგორც გარე, ისე შიდა გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება და მის საერთო ეკონომიკურ მედეგობას აძლიერებს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.