ნათია თურნავა - ინფლაციის მაჩვენებელი მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება
ნათია თურნავა - ინფლაციის მაჩვენებელი მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად ავუხსნათ ამ მოვლენის მიზეზები, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, პანდემიამდელ პერიოდში წლების განმავლობაში ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი, წლიურად 3-4 პროცენტი.

„რატომ მოხდა, რომ ასეთი დაბალი ინფლაციის ათწლეულის შემდეგ 2021 წელს მყისიერად მივიღეთ გასამმაგებული მაჩვენებელი? პასუხი მარტივია: ერთადერთი, რაც განასხვავებს 2020-21 წლებს წინა წლებისგან, გლობალური პანდემიაა. ამსუბუქებს ეს ვითარებას? – რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხდის თუ არა ამ ერთჯერად ფაქტორს სწრაფად დაძლევადს? – რა თქმა უნდა, კი!“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიის ფონზე და მის გამო საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა არაერთ საქონელზე ფასების ზრდა. ამასთან, მთელი რიგი სასაქონლო პოზიციების მიხედვით საქართველო ნეტ იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ, მინისტრის თქმით, ცხადია, რომ საქართველოშიც იმატა ფასების დონემ. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ეს მწვავე პრობლემა სწორედ პანდემიას და არა რაიმე ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ გარემოებას და ფაქტორს უკავშირდება, შეიძლება, ითქვას, რომ ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებს და ფასების დონე დასტაბილურდება პანდემიის დაძლევის პარალელურად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. სწორედ მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მოხსენებით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფლაციური ზეწოლის შემამცირებელი კლასიკური ბერკეტია.

„დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის დადებითი მოლოდინების შედეგად, არსებითად სტაბილურია ჩვენი ეროვნული ვალუტა. როდესაც, მაგალითად, მეზობელ თურქეთში თითქმის 25-პროცენტიანი ინფლაცია ფიქსირდება თურქული ლირის ისტორიული გაუფასურების ფონზე. საქართველოში დღეს ეს დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს, ეროვნული ვალუტის კურსი, არსებითად, სტაბილურია. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხთან, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ფასწარმოქმნა ამ სფეროში“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა 2022 წლის ბიუჯეტში ასახულ მუხლებზე, პენსიების ზრდაზე, რომელიც სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად მოხდება და ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ სხვა ქმედით ღონისძიებებზე.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება, რაც შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ყველა ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილება ინფლაციის შეკავების და პანდემიამდელ ნიშნულამდე მისი შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს უკვე მომავალი წლის ბოლომდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე საქართველოს მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომებმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ.

„მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია, სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა.

„თუმცა ასევე მართალია ისიც, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა“, – განაცხადა მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და სიღარიბეს შემცირება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ ამოცანად რჩება, რაც ასახულია ბიუჯეტშიც, სახელმწიფო პროგრამებშიც და საქართველოს ხელისუფლების მთელ რიგ გადაწყვეტილებებში.