ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ინფლაციის დონე 5.9 პროცენტია, რაშიც ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო სანავთობო ბაზრებიდან მომდინარე გაძლიერებული წნეხი. ჩვენ ბენზინისა და დიზელის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ, არ შეიძლება, ეს ამ კუთხით არ აისახოს, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას კითხვა დაუსვეს წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.
„ამავდროულად, ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ, რადგან ხისტი ინფლაციის მაჩვენებლები, ე.წ. საბაზო ინფლაცია, რომელიც სხვადასხვა მერყევ კომპონენტს გამორიცხავს, ასევე მომსახურების ინფლაცია კვლავაც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩება. თუმცა ხედავთ, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გავზარდეთ და ახლა ის 8.25%-ს შეადგენს. ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება. ამავდროულად, მზად ვართ, პირიქით, შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრებზე ვოლატილობა შემცირდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.