ნათია თურნავა - ინდმეწარმეებისთვის, რომლებიც სავაჭრო სექტორში მუშაობენ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ
ნათია თურნავა - ინდმეწარმეებისთვის, რომლებიც სავაჭრო სექტორში მუშაობენ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ

მინდა, ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ადამიანებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, ვინც სავაჭრო სექტორში მუშაობს, ვინაიდან მათი შემოსავლები და მათ მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნება დიდად იყო დამოკიდებული გარკვეული შესაძლებლობების მიცემაზე, რომ წინასაახალწლოდ ივაჭრონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ გუნდს და პირადად მას არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია ჰქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი შეზღუდვებისა სწორედ სავაჭრო სექტორის მიერ არის შემუშავებული და შეთავაზებული.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწვეტილებას და მიგნებას, რაც თავად შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინგაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, დილის საათებში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლების მასას საათების მიხედვით და ნაკლები მობილობა შეიქმნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.