ნათია თურნავა - იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
ნათია თურნავა - იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

დიდი იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და  ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მინისტრმა იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის არის შეთავაზებული.

„300-ლარიანი დახმარება, ეს არის თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ვინც სწორედ იმ შეზღუდულ დარგებში საქმიანობს და დროებით დაკარგავს შემოსავალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ახალ წლამდე მოხდეს ამ თანხის ჩარიცხვა და აქედან გამომდინარე, უსწრაფესად მოახერხეს ჩვენმა კოლეგებმა, ფინანსთა სამინისტრომ, ამ პროცესის გამართვა და უკვე დაიწყო რეგისტრაცია.

რაც შეეხება 1 200 ლარიან დახმარების პაკეტს, რომელიც არის გამიზნული იმ ადამიანებისთვის, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილს, რა თქმა უნდა, უნდა გავიდეს თუნდაც ერთი თვე, რომ ჩვენ დავინახოთ ვინ შეინარჩუნა და ვინ, სამწუხაროდ, დაკარგა სამსახური და დროებით დავუკომპენსიროთ ეს დანაკარგი“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, უკვე დაწყებულია სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე ​განაცხადების მიღება.

„ძალიან ვჩქარობთ და უკვე დაწყებულია გუშინდელი დღიდან განაცხადების მიღება ტურისტული სექტორიდან, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში. ესეც გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავახმაროთ,რადგან მათთვის ღირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ ეს ფინანსური დახმარება და შეინარჩუნონ მაქსიმალურად სამუშაო ადგილები.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა თურნავამ.

დატოვე კომენტარი